Losapres Plus 50 мг + 12.5 мг
Таблетки, №28 · Действующее вещество: Hydrochlorthiazide + Losartan potassium
Инструкция
გამოყენების ინსტრუქცია
ლოსაპრეს პლუსი 50 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
აქტიური ნივთიერება: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ კალიუმის ლოსარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (წარმოებულია საქონლის ან ძროხის რძისგან), მიკროკრისტალური ცელულოზა PH 112 SLM, პრეჟელატინიზებულისახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი (აეროსილ 200), ოპადრი 20A22156 ყვითელი: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, D&C ყვითელი #10 ალუმინის ლაქი.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
· თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
· ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
· თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
· ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული პრეპარატის დოზის გარდა არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
რა არის ლოსაპრეს პლუსი და რისთვის გამოიყენება?
საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ლოსაპრეს პლუსისგამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ლოსაპრეს პლუსი?
რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
ლოსაპრეს პლუსის შენახვა
რა არის ლოსაპრეს პლუსი და რისთვის გამოიყენება?
ლოსაპრეს პლუსი წარმოადგენს ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორის - ლოსარტანის და შარდმდენის (დიურეტიკი) - ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას. ანგიოტენზინ II არის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ნივთიერება, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვებში არსებულ რეცეპტორებს და ახდენს სისხლძარღვების შევიწროებას. ეს კი იწვევს არტერიული წნევის მატებას. ლოსარტანი ხელს უშლის ამ რეცეპტორებთან ანგიოტენზინ II-ის დაკავშირებას, იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და არტერიული წნევის დაქვეითებას. ჰიდროქლოროთიაზიდი უზრუნველყოფს თირკმლებიდან უფრო მეტი წყლის და მარილების გამოტანას, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ კალიუმის ლოსარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
ლოსაპრეს პლუსი წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 ცალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. ეს არის აპკიანი გარსით დაფარული, ყვითელი ფერის ტაბლეტები.
ლოსაპრეს პლუსი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ლოსაპრეს პლუსი გამოიყენება დაუდგენელი მიზეზით წარმოქმნილი მაღალი არტერიული წნევის (ესენციალური ჰიპერტენზია) დასაქვეითებლად პაციენტებში, თუ ლოსარტანით ან ჰიდროქლოროთიაზიდით მონოთერაპის მეშვეობით არტერიული წნევა საკმარისად ვერ ექვემდებარება კონტროლს.
ლოსაპრეს პლუსი გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) და მარცხენა პარკუჭის გასქელება (მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია), ავადმყოფობის და სიკვდილის რისკის დასაქვეითებლად.
ლოსაპრეს პლუსი გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) და მარცხენა პარკუჭის გასქელება (მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია), ინსულტის (დამბლის) რისკის შესამცირებლად, თუმცა ეს სარგებელი არ ვლინდება ნეგროიდული რასის პაციენტებში.
საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ლოსაპრეს პლუსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ლოსაპრეს პლუსი შემდეგ შემთხვევებში
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლოსარტანზე, ჰიდროქლოროთიაზიდზე ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე;
თუ გაქვთ ალერგია სულფონამიდის წარმოებულ პრეპარატებზე (მაგალითად, სხვა თიაზიდები, ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატი, როგორიცაა კო-ტრიმოქსაზოლი) (თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელია სულფონამიდის წარმოებული პრეპარატები, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან);
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა [როგორიცაა ქოლესტაზი (ნაღვლის ნაკადის შენელება ან შეჩერება) და სანაღვლე არხის დახშულობა];
თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, კალციუმის მაღალი დონე ან კალიუმის დაბალი დონე და აღნიშნული ვერ დარეგულირდა მკურნალობით;
თუ გაქვთ პოდაგრა;
თუ ხართ ორსულად;
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა ან თირკმელები ვერ გამოყოფენ შარდს;
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და არტერიული წნევის დასაქვეითებლად იყენებთ ალისკირენს.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ლოსაპრეს პლუსი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
თუ წარსულში ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ გქონდათ ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები (მათ შორის ფილტვების ანთება ან სითხის დაგროვება). თუ ლოსაპრეს პლუსის მიღების შემდეგ გექნებათ ნებისმიერი სიმძიმის ქოშინი ან ჩასუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარების მიღება.
თუ გექნებათ მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი. ეს სიმპტომები შესაძლებელია უკავშირდებოდეს თვალის ვასკულარულ ფენაში სითხის დაგროვებას (ქოროიდული ეფუზია) ან თვალშიგა წნევის მომატებას და აღნიშნული გამოვლინდეს ლოსაპრეს პლუსის მიღებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. თუ აღნიშნულს არ უმკურნალებენ, შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ ადრე გქონდათ ალერგია პენიცილინზე ან სულფონამიდზე, შესაძლებელია აღნიშნული რეაქციის განვითარების რისკი იყოს უფრო მაღალი.
თუ ადრე გქონდათ სახის, ტუჩების, ყელის და ენის შეშუპება;
თუ იყენებთ შარდმდენს (დიურეტიკს);
თუ იცავთ დიეტას მარილის შეზღუდვით;
თუ გაქვთ ან ახლო წარსულში გქონდათ ძლიერი ღებინება ან დიარეა;
თუ გაქვთ გულის უკმარისობა;
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იხილეთ, ნაწილი 2 „არ გამოიყენოთ ლოსაპრეს პლუსი შემდეგ შემთხვევებში“);
თუ გაქვთ ორივე თირკმლის ან ცალი თირკმლის არტერიის შევიწროება (რენალური არტერიის სტენოზი) ან ახლო წარსულში ჩაგიტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია;
თუ გაქვთ არტერიების შევიწროება (ათეროსკლეროზი), გულის ფუნქციების დაქვეითებით გამოწვეული მკერდის ტკივილი (სტენოკარდია);
თუ გაქვთ აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი (გულის სარქველების შევიწროება) ან ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (დაავადება, რომელიც იწვევს გულის კუნთების გასქელებას);
თუ გაქვთ დიაბეტი;
თუ გაქვთ პოდაგრა;
თუ გაქვთ ალერგია ან ასთმა ან დაავადება, სახელად სისტემური წითელი მგლურა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანზე გამონაყარს და ცხელებას;
თუ გაქვთ კალციუმის მაღალი დონე ან კალიუმის დაბალი დონე და იცავთ დიეტას კალიუმის შეზღუდვით;
ოპერაციის წინ ან, თუ საჭიროა ანესთეზიის ჩატარება (მათ შორის სტომატოლოგთან) ან უნდა ჩაგიტარდეთ კვლევა პარათიროიდული ფუნქციების შესამოწმებლად, გთხოვთ ექიმს ან შესაბამის სამედიცინო პერსონალს აცნობოთ, რომ იღებთ კალიუმის ლოსარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტებს.
თუ გაქვთ დაავადება, სახელად პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (სინდრომი, რომელიც უკავშირდება თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევის შედეგად ამ ჯირკვლიდან ჰორმონ ალდოსტერონის მომატებულ გამოყოფას);
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
აგფ ინჰიბიტორები (მაგალითად, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემა.
ალისკირენი
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლებელია გაზარდონ შრატში კალიუმის რაოდენობა (იხილეთ, ნაწილი 2 „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“).
თქვემა ექიმმა შესაძლებელია რეგულარული სიხშირით შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტები (მაგალითად, კალიუმი). ამასთანავე ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია, რომელიც მოცემულია სათაურით „არ გამოიყენოთ ლოსაპრეს პლუსი შემდეგ შემთხვევებში“.
თუ გადატანილი გაქვთ კანის კიბო ან მკურნალობის დროს კანზე განვითარდება ახალი დაზიანება. ჰიდროქლოროთიაზიდითმკურნალობამ, განსაკუთრებით დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს ზოგიერთი ტიპის კანის და ტუჩის კიბოს რისკი (მელანომის გარდა კანის კიბო). ლოსაპრეს პლუსის გამოყენებისას დაიცავით კანი მზის და ულტრაიისფერი გამოსხვების ზემოქმედებისგან.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ლოსაპრეს პლუსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ლოსაპრეს პლუსის მიღება შესაძლებელია უზმოდ ან საკვებთან ერთად.
ამ ტაბლეტების მიღებისას რეკომენდებულია, არ გამოყენოთ ალკოჰოლი. შესაძლებელია ალკოჰოლის და ლოსაპრეს პლუსის ერთად გამოყენებამ გაზარდოს ერთმანეთის ზემოქმედება.
დიეტასთან ერთად ჭარბი რაოდენობით მარილის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ლოსაპრეს პლუსის ტაბლეტების ზემოქმედების საწინააღმდეგო ეფექტი.
ლოსაპრეს პლუსის ტაბლეტების გამოყენებისას არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენის მიღება.
ორსულობა:
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლოსაპრეს პლუსით მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები.
თუ ხართ ორსულად (არ არსებობს ალბათობა, იყოთ ორსულად), უნდა აცნობოთ ექიმს. თქვენი ექიმი დაორსულებამდე ან, როგორც კი გაიგებს, რომ ორსულად ხართ, გირჩევთ, შეწყვიტოთ ლოსაპრეს პლუსის მიღება და ლოსაპრეს პლუსის ნაცვლად გამოიყენოთ სხვა პრეპარატები. არ შეიძლება ორსულობის პერიოდში ლოსაპრეს პლუსის გამოყენება.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს კვებავთ ან უნდა დაიწყოთ ძუძუთი კვება. არ არის რეკომენდებული ლოსაპრეს პლუსი ქალებისთვის ლაქტაციის პერიოდში, მაგრამ თუ აუცილებლად გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება, ექიმმა შესაძლებელია შეგირჩიოთ სხვა მკურნალობა.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა:
ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას არ შეასრულოთ სამუშაო, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას (მაგალითად, ავტომობილის მართვა ან სახიფათო დანადგარებთან მუშაობა), სანამ არ გაიგებთ, როგორ ზემოქმედებს თქვენზე ეს პრეპარატი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლოსაპრეს პლუსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ლოსაპრეს პლუსი შეიცავს ლაქტოზას. თუ ადრე ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ იყენებთ კალიუმის დანამატებს, მარილის შემცვლელს, რომელიც შეიცავს კალიუმს, კალიუმის შემაკავებელ პრეპარატს, როგორიცაა ზოგიერთი დიურეზული საშუალება, ან სხვა პრეპარატს, რომელმაც შესაძლებელია გაზარდოს შრატში კალიუმის რაოდენობა (მაგალითად, ტრიმეტოპრიმის შემცველი პრეპარატები), აცნობეთ თქვენს ექიმს, რადგანაც არ არის რეკომენდებული ლოსაპრეს პლუსთან ამ პრეპარატების კომბინაცია.
ლოსაპრეს პლუსის შემადგენელმა შარდმდენმა საშუალებამ, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი, შესაძლებელია გამოიწვიოს ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან.
ექიმის ინტენსიური დაკვირვების გარეშე არ შეიძლება ლითიუმის (გამოიყენება მანიაკალური, დეპრესიული და შიზოაფექტური აშლილობების სამკურნალოდ) შემცველი პრეპარატების ლოსაპრეს პლუსთან ერთად გამოყენება.
თუ იყენებთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველი მარილის პრეპარატებს ან კალიუმის შემაკავებელ პრეპარატებს, სხვა დიურეზულ საშუალებებს, ზოგიერთ ლაქსატიურ საშუალებას ან გლიცირიზინს, რომელსაც შეიცავს ძირტკბილას ფესვი, პრეპარატებს, რომლებსაც იყენებენ პოდაგრის, გულის რითმის დარღვევების დროს ან სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად (პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი), კარგი იქნება სპეციალური ზომების მიღება (როგორიცაა სისხლის ანალიზები).
მნიშვნელოვანია, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი);
სტეროიდები (მაგალითად, პრედნიზონი, ჰიდროკორტიზონი);
კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი);
ტკივილგამაყუჩებლები (აცეტილსალიცილის მჟავა);
ფუნგალური (სოკოვანი) ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ფლუკონაზოლი);
ართრიტის (სახსრების ანთება) სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი, დიკლოფენაკი);
მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ გამოყენებული ფისები (მაგალითად, ქოლესტირამინი, ქოლესტერინის ფისები);
მიორელაქსანტები (მაგალითად, ტუბოკურარინი);
საძილე საშუალებები (მაგალითად, ბარბიტურატები);
ოპიოიდური პრეპარატები (ტკივილგამაყუჩებელი), როგორიცაა მორფინი;
პრესორული ამინები, როგორიცაა ადრენალინი (პრეპარატები, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ არტერიული წნევის მატება) ან ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები;
პერორალური დიაბეტური პრეპარატები (შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას ორალურად გამოყენებული პრეპარატები) (მაგალითად, მეტფორმინი) ან ინსულინი;
შესაძლებელია თქვენმა ექიმმა მოითხოვოს დოზის შეცვლა და/ან სხვა ზომების მიღება:
თუ იყენებთ აგფ ინჰიბიტორს ან ალისკირენს (იხილეთ, ნაწილი 2 „არ გამოიყენოთ ლოსაპრეს პლუსი შემდეგ შემთხვევებში“ და „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ლოსაპრეს პლუსი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“)
თუ ლოსაპრეს პლუსის გამოყენების პერიოდში უნდა ჩაგიტარდეთ რადიოგრაფიული პროცედურა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს.
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ გამოიყენება ლოსაპრეს პლუსი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ლოსაპრეს პლუსი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული სახით. ლოსაპრეს პლუსის სათანადო დოზის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი თქვენი მდგომარეობის და თქვენ მიერ გამოყენებული სხვა პრეპარატების მიხედვით.
იმისათვის, რომ არტერიული წნევა დაექვემდებაროს კონტროლს, მნიშვნელოვანია, ლოსაპრეს პლუსი მიიღოთ ექიმის მიერ რეცეპტში მითითებული ვადის განმავლობაში.
ლოსაპრეს პლუსი ბაზარზე წარმოდგენილია 2 ფორმით: ლოსაპრეს პლუსი 50 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი და ლოსაპრეს პლუსი 100 მგ/25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. იმისათვის, რომ მაღალი არტერიული წნევა დაექვემდებაროს კონტროლს 24 საათის განმავლობაში, პაციენტთა უმეტესობისთვის ლოსარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის ჩვეულებრივი დოზაა დღეში 1 ტაბლეტი ლოსაპრეს პლუსი 50 მგ/12.5 მგ. ეს დოზა შესაძლებელია გაიზარდოს დღეში ორ ცალ ლოსაპრეს პლუსი 50 მგ/12.5 მგ ტაბლეტამდე ან შეიცვალოს დღეში 1 ტაბლეტი ლოსაპრეს პლუსი 100 მგ/25 მგ-ით. მაქსიმალური დღიური დოზაა 2 ტაბლეტი 50 მგ/12.5 მგ ლოსარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდი ან 1 ტაბლეტი 100 მგ/25 მგ ლოსარტანი /ჰიდროქლოროთიაზიდი.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ლოსაპრეს პლუსი მიიღება მხოლოდ პერორალურად.
შესაძლებელია მიღება უზმოდ ან საკვებთან ერთად.
ტაბლეტები მიიღეთ დაღეჭვის გარეშე საკმარისი რაოდენობის სითხით (მაგალითად, ერთი ჭიქა წყლით).
იმისათვის, რომ ადვილად გაიხსენოთ, ლოსაპრეს პლუსი მიიღეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
არ არსებობს კვლევა ბავშვებსა და მოზარდებში ლოსარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. რის გამოც არ არის რეკომენდებული ლოსაპრეს პლუსი 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებისთვის.
ასაკოვნებში გამოყენება:
ლოსაპრეს პლუსს, როგორც წესი, ასაკოვნებში და შედარებით ახალგაზრდა მოზრდილ პაციენტებში ახასიათებს კარგი ეფექტი და შეგუება. ასაკოვანი პაციენტების უმეტესობა იყენებს იმავე დოზას, რასაც ახალგაზრდა პაციენტები.
გამოყენების სპეციალური პირობები:
ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა
თუ გაქვთ საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობა, არ არის საჭირო დოზის კორექტირება. თუ უნდა ჩატარდეს დიალიზი, არ არის რეკომენდებული ლოსაპრეს პლუსის გამოყენება. თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა, არ გამოიყენოთ ლოსაპრეს პლუსი.
თუ თვლით, რომ ლოსაპრეს პლუსის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ლოსაპრეს პლუსი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ ლოსაპრეს პლუსი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბმა დოზამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, პალპიტაცია, პულსის შენელება, სისხლის შემადგენლობის ცვლილება და დეჰიდრატაცია (სითხის დაკარგვა).
თუ დაგავიწყდათ ლოსაპრეს პლუსის გამოყენება:
ეცადეთ, პრეპარატი მიიღოთ რეკომენდებული სახით.
თუ დაგავიწყდებათ პრეპარატის ერთი დოზის მიღება, არ მიიღოთ ეს დოზა, შემდეგ განაგრძეთ გამოყენება ჩვეულებრივ დროს.
დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ლოსაპრეს პლუსით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რეაქციის განვითარებისას შეწყვიტეთ ლოსაპრეს პლუსის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (იშვიათი), როგორიცაა:
ანაფილაქსიური რეაქციები (სერიოზული, სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიული რეაქცია),
სუნთქვის გაძნელება, მსტვენი სუნთქვა,
სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპება, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების დახშულობას, ხორხის და ყელის შეშუპება (ანგიოედემა).
სუნთქვის მწვავე უკმარისობა (სიმპტომები მოიცავს ძლიერ ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს და დეზორიენტაციას) (ძალიან იშვიათი).
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ლოსაპრეს პლუსზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
წარსულში ზოგ პაციენტთან ცნობილია სხვა პრეპარატების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების გამოყენების დროს ანგიოედემის შემთხვევები.
სხვა პრეპარატების მსგავსად, ლოსაპრეს პლუსის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციები განმარტებულია შემდეგ კატეგორიებში წარმოდგენილი სახით:
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ხშირი:
ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, გაგუდულობა, სინუსიტი (სინუსების ანთება), სინუსების დაავადება
დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, მონელების პრობლემა
კუნთების ტკივილი ან კრამპი, ფეხების ტკივილი, ზურგის ტკივილი
უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
დაღლილობა და სისუსტე, მკერდის ტკივილი
კალიუმის დონის მატება (შესაძლებელია გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა), ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მაჩვენებლების დაქვეითება
თირკმლის ფუნქციების ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა
სისხლში შაქრის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია)
სისხლში კალციუმის დონის მატება
არახშირი:
ანემია, კანზე წითელი-მოყავისფრო ლაქები (ზოგჯერ განსაკუთრებით ტერფებზე, ფეხებზე, მკლავებსა და ბარძაყებზე, სახსრების ტკივილთან ერთად, ხელების და ფეხების შეშუპება და მუცლის ტკივილი), სისხლჩაქცევები, ლეიკოციტების შემცირება, შედედების პრობლემა, შედედების დამხმარე სისხლის ელემენტების რაოდენობის შემცირება
მადის, დაქვეითება, შარდმჟავას დონის მატება ან კეთილთვისებიანი პოდაგრა, სისხლში შაქრის დონის მატება, სისხლში ელექტროლიტების დონის დარღვევა
შფოთვა, შფოთვის შემთხვევაში დარღვევები, გაღიზიანება, პანიკური აშლილობა (განმეორებითი პანიკური შეტევები), ცნობიერების დარღვევა (კონფუზია), დეპრესია, არანორმალური სიზმრები, ძილის დარღვევები, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
ნემსის ან ეკლის ჩხვლეტის შეგრძნება, ხელების და ფეხების ტკივილი, ტრემორი, შაკიკი, გულის წასვლა
დაბინდული მხედველობა, თვალში წვის და ჩხვლეტის შეგრძნება, კონიუნქტივიტი (თვალის ანთება), მხედველობის ფუნქციების გაუარესება, საგნების ყვითლად დანახვა
ყურებში ხმაური, ზუზუნის, გუგუნის და ტკაცუნის ხმა
არტერიული წნევის დაქვეითება და თანმხლები ცვლილებები (ფეხზე ადგომისას რყევის და სისუსტის შეგრძნება), სტენოკარდია (მკერდის ტკივილი), გულისცემის დარღვევა, ცერებროვასკულარული ტრავმა (გარდამავალი იშემიური შეტევა ან „მინი-ინსულტი“), გულის შეტევა, პალპიტაცია
სისხლძარღვების ანთება კანზე გამონაყართან ან კანის დაზიანებასთან ერთად
ყელის ტკივილი, ქოშინი, ბრონქიტი (ფილტვებისკენ მიმავალი სასუნთქი გზების ანთება), პნევმონია (ფილტვების ანთება), ფილტვებში სითხე (რომელიც ართულებს სუნთქვას), ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირიდან გამონადენი, გაგუდულობა, მბგერავი ნაოჭების ანთება
ყაბზობა, მკურნალობის მიმართ მდგრადი ყაბზობა, აირები, კუჭში დისკომფორტი, კუჭის სპაზმი, ღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, კბილის ტკივილი
სიყვითლე (თვალების და კანის გაყვითლება), პანკრეასის ანთება
ურტიკარია, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, კანზე სიწითლე, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, კანის სიმშრალე, წამოხურება, ოფლიანობა, თმის ცვენა
მკლავის, მხრის, ბარძაყის, მუხლის და სხვა სახსრების ტკივილი, სახსრების შეშუპება, გახევება, კუნთების სისუსტე
ხშირი შარდვა, მათ შორის ღამით, თირკმლის ფუნქციების დარღვევები, მათ შორის თირკმლის ანთება, საშარდე გზის ინფექცია, შარდში შაქარი
ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია
სახის შეშუპება, ადგილობრივი შეშუპება (ედემა), ცხელება
იშვიათი:
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციების ანალიზის შედეგებში დარღვევები (ფერმენტ ალანინტრანსამინაზას მატება), ჰიპერმგრძნობელობა, უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქციური რეაქცია), რომელმაც სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპებასთან ერთად შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება
ძალიან იშვიათი:
ბილირუბინის (ყვითელი ნივთიერება, რომელიც ფერს აძლევს ნაღველს) და ღვიძლის ფერმენტების მატება
სუნთქვის მწვავე უკმარისობა (სიმპტომები მოიცავს ძლიერ ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს და დეზორიენტაციას)
უცნობია:
გრიპის მსგავსი სიმპტომები
მუქი ფერის (ჩაის ფერი) შარდი და გაურკვეველი მიზეზით კუნთის ტკივილი (რაბდომიოლიზი, კუნთის ქსოვილის დაზიანება)
სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრემია)
ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება
გემოს შეგრძნების დარღვევა (დისგევზია)
კანზე ლაქები (ერითემატოზული მგლურა)
პანკრეასის ანთება
კანის და ტუჩის კიბო (მელანომის გარდა კანის კიბო)
ღვიძლის ფუნქციების დარღვევა და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)
მხედველობის დაქვეითება ან მაღალი წნევის გამო თვალების ტკივილი (თვალის ვასკულარულ ფენაში სითხის დაგროვების სიმპტომები (ქოროიდული ეფუზია) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა)
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენების შესახებ მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენები“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
ლოსაპრეს პლუსის შენახვა
ლოსაპრეს პლუსი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
არ გახსნათ ბლისტერის პაკეტი, სანამ მზად არ იქნებით პრეპარატის მიღებისთვის.
გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.
არ გამოიყენოთ ლოსაპრეს პლუსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ლოსაპრეს პლუსი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს დევა ჰოლდინგ
ქუჩუქჩექმეჯე / სტამბოლი
Регистрация
Данные из реестра регулирующего агентства. Последняя синхронизация: 11.11.2026.
Дата регистрации: 16.07.2024
Данные реестра
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.
Информация носит справочный характер и не заменяет консультацию врача или фармацевта.