ციპროფლოქსაცინი GP 500 მგ
ტაბლეტი, №16 · მოქმედი ნივთიერება: Ciprofloxacin
ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ციპროფლოქსაცინი GP, 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ციპროფლოქსაცინი GP, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ციპროფლოქსაცინი GP, 750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა შემდგომში.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმისდამიუხედავათ თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია.
- თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იმ გვერდითი მოვლენების ჩათვლით რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხლიეთ პარაგრაფი 4.
რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია:
1. რა არის ციპროფლოქსაცინი GP და რისთვის გამოიყენება ის.
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ციპროფლოქსაცინი GP-ის მიღებამდე.
3. როგორ გამოიყენება ციპროფლოქსაცინი GP
4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ ციპროფლოქსაცინი GP
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
1. რა არის ციპროფლოქსაცინი GP და რისთვის გამოიყენება ის
ციპროფლოქსაცინი არის ანტიბიოტიკი რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლონების ჯგუფს. პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის ციპროფლოქსაცინი. ციპროფლოქსაცინი სპობს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს. ის ებრძვის მხოლოდ კონკრეტული ბაქტერიების შტამებს.
მოზრდილები
ციპროფლოქსაცინი GP გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
- სასუნთქი გზების ინფექციები
- ყურის ან სინუსის ქრონიკული და პერიოდული ინფექციები
- საშარდე გზების ინფექციები
- სათესლე ჯირკვლების ინფექციები
- სასქესო გზების ინფექციები ქალებში
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები და ინტრააბდომინალური ინფექციები
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები
- ინფექციების სამკურნალოდ პაციენტებში სისხლის თეთრი უჯრედების ძალიან დაბალი ოდენობით (ნეიტროპენია)
- ინფექციების პრევენციისთვის პაციენტებში სისხლის თეთრი უჯრედების ძალიან დაბალი ოდენობით (ნეიტროპენია)
- ბაქტერია Neisseria meningitides –ით გამოწვეული ინფექციების პრევენციისთის
- ჯილეხის ინჰალაციური გზით ექსპოზიცია
თუ გაქვთ ძლიერი ინფექცია ან ინფექცია რომელიც გამოწვეულია ერთზე მეტი ტიპის ბაქტერიით, ციპროფლოქსაცინი GP-ს გარდა შეიძლება დაგენიშნოთ დამატებითი ანტიბიოტიკოთერაპია.
ბავშვები და მოზარდები
ციპროფლოქსაცინი GP გამოიყენება ბავშვებsa და მოზარდებში სპეციალისტის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
- ფილტვებისა და ბრონქების ინფექციები კისტოზური ფიბროზით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში;
- საშარდე გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის თირკმელებამდე მისული ინფექციები (პიელონეფრიტი);
- ჯილეხის ინჰალაციური გზით ზემოქმედება.
ციპროფლოქსაცინი GP შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნას სხვა სპეციფიკური მძიმე ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზარდებში თუ ექიმი მიიჩნევს საჭიროდ.
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ციპროფლოქსაცინი GP-ის მიღებამდე
არ მიიღოთ ციპროფლოქსაცინი GP შემდეგ შემთხვევებში:
არ უნდა მიიღოთ ფტორქინოლონების/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული მედიკამენტები, მათ შორის ციპროფლოქსაცინი GP, თუ წარსულში გქონდათ რაიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღებისას. ასეთ შემთხვევაში რაც შეიძლება მალე უნდა აცნობოთ ექიმს.
არ მიიღოთ ციპროფლოქსაცინი GP:
- თუ ხართ ალერგიული პრეპარატის აქტიური ნივთიერების, სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატების სხვა ინგრედიენტების მიმართ (იხლეთ პარაგრაფი 6).
- იღებთ ტიზანიდინს (იხილეთ პარაგრაფი 2: სხვა პრეპარატები და ციპროფლოქსაცინი GP).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
- თუ გაქვთ დიდი სისხლძარღვის გადიდების ან "გამობერვის" (აორტის ანევრიზმა ან დიდი სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმა) დიაგნოზი;
- თუ ადრე გქონდათ აორტის დისექციის ეპიზოდი (აორტის კედლის განშრევება);
- თუ თქვენ დაგისვეს გულის სარქველებიდან სისხლის გაჟონვის (გულის სარქვლის რეგურგიტაცია) დიაგნოზი.
- თუ გაქვთ აორტის ანევრიზმის ან აორტის დისექციის ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადების ისტორია, ან სხვა რისკ-ფაქტორები ან მიდრეკილი პირობები (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელეს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სჯოგრენის სინდრომი (ანთებითი აუტოიმუნური დაავადება), ან სისხლძარღვთა დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან ცნობილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი (სახსრების დაავადება) ან ენდოკარდიტი (გულის ინფექცია);
- თუ ოდესმე გქონიათ თირკმელების პრობლემები, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის კორექტირება;
- თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური დარღვევები;
- თუ გქონდათ მყესთან დაკავშირებული პრობლემები წარსულში მკურნალობის დროს ისეთი ანტიბიოტიკებით როგორიცაა ციპროფლოქსაცინი GP;
- თუ გაქვთ მიასთენია გრავის (კუნთების სისუსტის ერთგვარი სახეობა);
- თუ გაქვთ გულის პრობლემები: ასეთი სახის პრეპარატებისგამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, თუ თქვენ გაქვთ თანდაყოლილი ან მემკვიდერეობითი გახანგრძლივებული QT ინტერვალის ანამნეზი (იხ. ეკგ-ზე, გულის რითმის ელექტრული ჩაწერა), გაქვთ მარილის დისბალანსი სისხლში (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), გაქვთ გულის ძალიან შენელებული რიტმი (ე.წ. 'ბრადიკარდია'), გაქვთ სუსტი გულისცემა (გულის უკმარისობა), გაქვთ გულის შეტევის ანამნეზი (მიოკარდიუმის ინფარქტი), ხართ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ან ხანდაზმული ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევს ეკგ – ს ანომალურ ცვლილებებს (იხ. პარაგრაფი 2: სხვა მედიკამენტები და ციპროფლოქსაცინი GP).
ამ პრეპარატის მიღებისას
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ციპროფლოქსაცინის GP-ის მიღებისას გამოვლინდა რომელიმე ჩამოთვლილი. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ციპროფლოქსაცინ GP-ით მკურნალობის შეწყვეტა.
თუ თქვენ იგრძნობთ უეცარ, ძლიერ ტკივილს მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში, რაც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმისა და დისექციის სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თქვენი რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ მკურნალობთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით.
თუ სწრაფად განვითარდა ქოშინი, განსაკუთრებით საწოლში წოლის დროს, ან შეამჩნევთ კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპებას, ან დაგეწყოთ გულის პალპიტაცია (აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
მძიმე, მოულოდნელი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსური რეაქცია/შოკი, ანგიოედემა). პირველი დოზის მიღების შემთხვევაშიც კი მცირეა იმის შანსი, რომ გამოვლიდეს ძლიერი ალერგიული რეაქცია შემდეგი სიმპტომებით: შებოჭილობა გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, შეუძლოდ ყოფნა ან გულის წასვლა ან თავბრუსხვევა წამოდგომისას. თუ ადგილი ჰქონდა აღნიშნულს, შეწყვიტეთ ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღებისას, თუ მხედველობა გაუარესდა ან თუ თვალებზე ხდება სხვაგვარი ზემოქმედება, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თვალის სპეციალისტთან.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა. რისკი იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ხართ ხანდაზმული (60 წელზე უფროსი ასაკის), გაქვთ გადატანილი ორგანოს ტრანსპლანტაცია, თირკმელების პრობლემები, ან თუ მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. ანთება ან მყესების გაწყვეტა შეიძლება მოხდეს მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში და ციპროფლოქსაცინის თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი. ტკივილის ან სახსრების ანთების პირველივე ნიშნების დროს (მაგალითად, ტერფის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) შეწყვიტეთ ციპროფლოქსაცინის მიღება, დაუკავშირდით ექიმს და დაასვენეთ მტკივნეული ადგილი. მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.
თუ გაქვთ ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური დარღვევა, როგორიცაა ცერებრული იშემია ან ინსულტი, შეიძლება აღგენიშნოთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. თუ ადგილი ჰქონდა აღნიშნულს, შეწყვიტეთ ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ნერვის დაზიანების სიმპტომები (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და / ან სისუსტე განსაკუთრებით ფეხებსა და ტერფებში ან ხელებსა და მკლავებში. თუ აღნიშნული გამოვლინდა, შეწყვიტეთ ციპროფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომ თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი გართულებები.
გახანგრძლივებული, ინვალიდიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები
ფტორქინოლონების/ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული მედიკამენტები, მათ შორის ციპროფლოქსაცინი GP, ასოცირდება ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, ზოგიერთ მათგანს აქვს ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები) ინვალიდიზირებადი ან პოტენციურად შეუქცევადი მოქმედება. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, ანომალურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტა, წკბენა, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მხედველობის, გემოს, სუნის და სმენის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები.
თუ ადგილი ჰქონდა რომელიმე აღნიშნულ გვერდით მოვლენას ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ გააგრძელოთ თუ არა მკურნალობა, სხვა კლასის ანტიბიოტიკების გათვალისწინებით.
ანტიბიოტიკების, მათ შორის ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღებისას, ან თუნდაც მათი მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეიძლება განვითარდეს დიარეა. თუ ამან მიიღო მძიმე ან შეუქცევადი ხასიათი ან თუ შეამჩნევთ, განავალში სისხლს ან ლორწოს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღება, რადგან ეს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. არ მიიღოთ მედიკამენტები, რომლებიც აჩერებს ან ანელებს ნაწლავის მოქმედებას და მიმართეთ ექიმს.
ქინოლონურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის შემცველობის გაზრდა ნორმასთან შედარებით (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის შემცველობის შემცირება ნორმასთან შედარებით, რაც პოტენციურად იწვევს ცნობიერების დაკარგვას (ჰიპოგლიკემიური კომა) მძიმე შემთხვევებში (იხილეთ პარაგრაფი 4). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის. თუ გაწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, საჭიროა სისხლში შაქრის ყურადღებით მონიტორინგი.
აცნობეთ ექიმს ან ლაბორატორიის თანამშრომლებს, თუ იღებთ ციპროფლოქსაცინი GP-ს სისხლის ან შარდის ანალიზის ჩაბარებისას.
ციპროფლოქსაცინი GP-მ შეიძლება გამოიწვიოს შარდში კრისტალების წარმოქმნა. თქვენ უნდა მიიღოთ ბევრი წყალი და თავიდან აიცილოთ ჭარბი ტუტიანობა შარდში.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, ტუბერკულოზის გამოვლენის ტესტმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგი.
ციპროფლოქსაცინი GP-მ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. თუ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს, როგორიცაა მადის დაქვეითება, სიყვითლე (კანის გაყვითლება) შარდის გამუქება, ქავილი ან სიმძიმეს კუჭში, შეწყვიტეთ ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
ციპროფლოქსაცინი GP-მ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და ინფექციისადმი წინააღმდეგობის დაქვეითება. თუ თქვენ გაქვთ ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება, ან ცხელება ლოკალური ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა ყელის /ხახის / პირის ღრუს ტკივილი ან ურეტარული პრობლემები, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი ლეიკოციტების შესაძლო შემცირების (აგრანულოციტოზი) გასაკონტროლებლად. მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება თქვენი პრეპარატის შესახებ.
შეიძლება არსებობდეს ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების სელექციის რისკი, ხანგრძლივი მკურნალობის და ნოზოკომიური ინფექციების და/ან გარკვეული ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციების მკურნალობის დროს.
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი, რადგან ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ანემიის რისკი.
თქვენი კანი ხდება მეტად მგრძნობიარე მზის ან ულტრაიისფერი (UV) სინათლის მიმართ ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღებისას. მოერიდეთ მზის ძლიერი ან ხელოვნური ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებას, როგორიცაა მზის აბაზანები.
სხვა პრეპარატები და ციპროფლოქსაცინი GP
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, უახლოეს წარსულში მიღებული გაქვთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა ნებისმიერი პრეპარატი.
არ მიიღოთ ციპროფლოქსაცინი GP ტიზანიდინთან ერთად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაბალი არტერიული წნევა და ძილიანობა (იხ. პარაგრაფი 2: "ნუ მიიღებთ ციპროფლოქსაცინი GP-ს").
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ გულის რითმი: მედიკამენტები, რომლებიც მიეკუთვნება ანტიარითმიული საშუალებების ჯგუფს (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (რომლებიც მიეკუთვნებიან მაკროლიდების ჯგუფს), ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება.
ცნობილია, რომ შემდეგი მედიკამენტები ურთიერთქმედებენ ციპროფლოქსაცინი GP-სთან თქვენს ორგანიზმში. ციპროფლოქსაცინი GP-ს ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ მედიკამენტების თერაპიულ ეფექტზე. ასევე შეუძლია გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
• K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგ. ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი ან ფლუინდიონი) ან სხვა პერორალური ანტი-კოაგულანტები (სისხლის გამათხევადებელი);
• პრობენეციდი (პოდაგრას სამკურნალოდ);
• მეტოტრექსატი (გარკვეული ტიპის კიბოს, ფსორიაზის, რევმატოიდული ართრიტისთვის);
• თეოფილინი და ქსანატინის სხვა წარმოებულები (სუნთქვის პრობლემებისთვის);
• ტიზანიდინი (კუნთების სპაზმულობა გაფანტული სკლეროზის დროს);
• კლოზაპინი (ანტიფსიქოზური საშუალება);
• როპინიროლი (პარკინსონის დაავადებისთვის)
• ფენიტოინი (ეპილეფსიისთვის);
• მეტოკლოპრამიდი (გულისრევის და პირღებინებისთვის);
• ომეპრაზოლი (კუჭში წარმოებული მჟავას შესამცირებლად);
• ციკლოსპორინი (ორგანოს ტრანსპლანტაციისთვის).
ციპროფლოქსაცინი GP-მ შეიძლება გაზარდოს შემდეგი მედიკამენტების დონე სისხლში:
• პენტოქსიფილინი (სისხლის მიმოქცევის დარღვევებისთვის);
• კოფეინი;
• გლიბენკლამიდი (დიაბეტის სამკურნალოდ);
• დულოქსეტინი (დეპრესიის სამკურნალოდ);
• ლიდოკაინი (ადგილობრივი ანესთეზიისთვის);
• სილდენაფილი (მაგ. ერექციული დისფუნქციისთვის);
ზოგიერთი მედიკამენტი ამცირებს ციპროფლოქსაცინი GP-ს ეფექტს. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან გსურთ მიიღოთ:
• ანტაციდები;
• მინერალური დანამატები;
• სუკრალფატი;
• პოლიმერული ფოსფატის შემაკავშირებელი (მაგ. სეველამერი);
• მედიკამენტები ან დანამატები, რომლებიც შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინს ან რკინას.
თუ ეს პრეპარატები აუცილებელია, მიიღეთ ციპროფლოქსაცინი GP დაახლოებით ორი საათით ადრე ან მათი მიღებიდან არა უადრეს ოთხი საათში.
ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ციპროფლოქსაცინი GP-ს საკვებთან ერთად მიღებისას, ნუ შეჭამთ ან დალევთ რძის პროდუქტებს (მაგალითად, რძე ან იოგურტი) ან კალციუმით მდიდარ სასმელებს ტაბლეტების მიღების დროს, მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ აქტიური ნივთიერების აბსორბციაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
სასურველია, ორსულობის დროს მოერიდოთ ციპროფლოქსაცინი GP-ს გამოყენებას.
არ მიიღოთ ციპროფლოქსაცინი GP ძუძუთი კვების დროს, რადგან ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ბავშვისთვის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ციპროფლოქსაცინი GP-მ შესაძლოა გამოიწვიოს მოდუნება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნევროლოგიურ არასასურველ მოვლენებს.
ამიტომ ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმების გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ იცით თუ როგორ რეაგირებთ ციპროფლოქსაცინი GP-ზე. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შემავსებლები
ციპროფლოქსაცინი GP შეიცავს ლაქტოზას შემადგენლობაში. თუ მკურნალი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრების მიმართ, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
ციპროფლოქსაცინი GP შეიცავს ნატრიუმს. ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ანუ არსებითად არის „ნატრიუმის გარეშე“.
3. ციპროფლოქსაცინი GP-ის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით. პრეპარატის მიღებისას ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მკურნალი ექიმი ზუსტად აგიხსნით რა რაოდენობის ციპროფლოქსაცინი GP უნდა მიიღოთ, რა სიხშირით და რა ხანგრძლივობით. ეს დამოკიდებული იქნება ინფექციის ტიპზე და სიმძმეზე.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.
მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 5-დან 21 დღემდე, მაგრამ მძიმე ინფექციების დროს შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს. ტაბლეტები მიიღეთ ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული რამდენი ტაბლეტი მიიღოთ და როგორ მიიღოთ ციპროფლოქსაცინი GP.
1. მიიღეთ ტაბლეტები მთლიანად დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. არ დაღეჭოთ ტაბლეტები, რადგან არ აქვს სასიამოვნო გემო.
2. შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
3. ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ ჭამის დროს ან საკვების მიღების შუალედში. კალციუმი, რომელსაც იღებთ როგორც საკვების ნაწილს, სერიოზულად არ იმოქმედებს პრეპარატის გამოყენებაზე. მიუხედავად ამისა, არ მიიღოთ ციპროფლოქსაცინი GP-ს ტაბლეტები რძის პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა რძე ან იოგურტი, ან გამდიდრებულ ხილის წვენებთან (მაგ. კალციუმით გამდიდრებული ფორთოხლის წვენი) ერთად.
გახსოვდეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღებისას.
თუ მიიღეთ სჭიროზე მეტი ციპროფლოქსაცინი GP
თუ მიიღეთ გამოწერილ დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება. თუ შესაძლებელია აჩვენეთ ექიმს კოლოფი ან ტაბლეტები.
თუ დაგავიწყდათ ციპროფლოქსაცინი GP-ის მიღება
მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა რაც შეიძლება მალე და შემდეგ გააგრძელეთ დანიშნულების მიხედვით.
ამასთანავე, თუ მოახლოვებულია შემდეგი დოზის მიღება, ნუ მიიღებთ გამოტოვებულ დოზას და განაგრძეთ მისი მიღება ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის აღდგენის მიზნით. დარწმუნდით, რომ დაასრულეთ მკურნალობის კურსი.
თუ შეწყვიტეთ ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღება
მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ მკურნალობის კურსი იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამდენიმე დღის შემდეგ უკეთესად იგრძნობთ თავს. თუ შეწყვეტთ ციპროფლოქსაცინი GP-ს მიღებას ძალიან მალე, ინფექცია შეიძლება არ იყოს განკურნებული მთლიანად და ინფექციის სიმპტომები განმეორდეს ან გაუარესდეს. შეიძლება ასევე განვითარდეს ანტიბიოტიკებისადმი წინააღმდეგობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა, ან თუ აგეღნიშნათ გვერდითი მოვლენები რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-10 ადამინაში):
- გულისრევა, დიარეა
- სახსრების ტკივილი ბავშვებში.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-10 ადამიანში):
- სოკოვანი სუპერინფექციები
- ეოზინოფილების მაღალი კონცენტრაცია, სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი
- მადის დაქვეითება (ანორექსია)
- ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა ან აღგზნება
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის პრობლემები ან გემოს დარღვევები
- ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, როგორიცაა კუჭის აშლა (დისპეპსია/გულძმარვა), ან სულის შეხუთვა
- სისხლში გარკვეული ნივთიერებების გაზრდილი რაოდენობა (ტრანსამინაზები და / ან ბილირუბინი)
- გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება
- სახსრების ტკივილი მოზრდილებში
- თირკმელების დისფუნქცია
- კუნთების და ძვლების ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა (ასთენია) ან სიცხე
- სისხლში ტუტე ფოსფატაზის მომატება (სისხლში გარკვეული ნივთიერება)
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-10 ადამიანში):
- ნაწლავის ანთება (კოლიტი), რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (ძალზე იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოსფატალურიც) (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
- ცვლილებები სისხლის ანალიზში (ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ნეიტროპენია, ანემია), სისხლის შედედების ფაქტორების (თრომბოციტების) გაზრდა ან შემცირება;
- ალერგიული რეაქცია, შეშუპება (ედემა), ან კანის და ლორწოვანი გარსების სწრაფი შეშუპება (ანგიოედემა);
- სისხლში შაქრის მომატება (ჰიპერგლიკემია);
- სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია);
- დაბნეულობა, დეზორიენტაცია, შფოთვითი რეაქციები, უცნაური სიზმრები, დეპრესია ან ჰალუცინაციები;
- ჩხვლეტის შეგრძნება, უჩვეულო მგრძნობელობა გრძნობის სხვადასხვა ორგანოს სტიმულების მიმართ, კანის მგრძნობელობის დაქვეითება, ტრემორი, კრუნჩხვები (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები) ან თავბრუსხვევა;
- მხედველობის პრობლემები;
- ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა, სმენის დაქვეითება;
- აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია);
- სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილაცია), დაბალი არტერიული წნევა ან გულის წასვლა;
- ქოშინი, ასთმული სიმპტომების ჩათვლით;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე (ქოლესტატიკური იქტერუსი), ან ჰეპატიტი;
- მგრძნობელობა სინათლის მიმართ (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები);
- კუნთების ტკივილი, სახსრების ანთება, კუნთების ტონუსის მომატება ან სპაზმები;
- თირკმლის უკმარისობა, სისხლი ან კრისტალები შარდში (იხილეთ პარაგრაფი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები);
- საშარდე გზების ანთება;
- სითხის შეკავება ან ჭარბი ოფლიანობა;
- ფერმენტ ამილაზას პათოლოგიური დონე.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000-დან 1-მდე პაციენტში):
- ერითროციტების რაოდენობის შემცირების განსაკუთრებული ტიპი (ჰემოლიზური ანემია); ლეიკოციტების სახიფათო შემცირება (აგრანულოციტოზი); ერითროციტების და ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), რომელიც შესაძლოა იყოს ფატალური; და ძვლის ტვინის დეპრესია, რაც ასევე შეიძლება იყოს ფატალური (იხილეთ პარაგრაფი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები);
- მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცის ან ანაფილაქტური შოკი, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური - შრატისმიერი დაავადება) (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები);
- ფსიქიური დარღვევები (ფსიქოზური რეაქციები) (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები);
- შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა, ტორტმანით სიარული (სიარულის დარღვევა), ყნოსვის დარღვევა (ყნოსვის დარღვევები), ზეწოლა ტვინზე (ინტრაკრანიალური წნევა);
- ფერის ვიზუალური აღქმის ცვლილება;
- სისხლძარღვების კედლის ანთება (ვასკულიტი);
- პანკრეატიტი;
- ღვიძლის უჯრედების (ღვიძლის ნეკროზი) ნეკროზი რამაც იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობა;
- კანქვეშა მცირე, წერტილოვანი სისხლდენა (პეტეხია); კანის სხვადასხვა ეპიდემიები ან გამონაყარი (მაგ. პოტენციურად ფატალური სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
- კუნთების სისუსტე, მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა - განსაკუთრებით წვივის უკანა ნაწილის დიდი მყესის (აქილევსის მყესი) (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).
- მიასთენია გრავის სიმპტომების გაუარესება (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
- სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია წყლის ექსკრეციის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH);
- ცნობიერების დაკარგვა სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითების გამო (ჰიპოგლიკემიური კომა). იხილეთ პარაგრაფი 2.
- ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე კიდურებში.
- ანომალურად სწრაფი გულის რიტმი, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რიტმი, გულის რიტმის ცვალებადობა (ე.წ. "QT ინტერვალის გახანგრძლივება“ ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ელექტრული აქტივობა;
- პუსტულოზური გამონაყარის გამოჩენა გენერალიზებული ფორმით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატური პოსტულოზი);
- INR-ის მომატება (პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ორალური ანტიკოაგულანტებით, როგორიცაა ვარფარინი).
ძალიან იშვიათია წამალთან დაკავშირებული ხანგრძლივი (თვეები ან წლები) ან მუდმივი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, ანომალური შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, წიწკვნა, ღიტინი, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ასევე სმენის დაქვეითება, მხედველობის და გემოს და სუნის დარღვევა რაც ასოცირდება ქინოლონის და ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებული რისკ ფაქტორებისგან დამოუკიდებლად.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის კედლის გადიდებისა და შესუსტების ან აორტის კედლის განშრევების შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია), რომელიც შეიძლება გასკდეს და იყოს ფატალური, ასევე სისიხლი გაჟონვა გულის სარქველებიდან. იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 2.
ანგარიში გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება პირდაპირ INFARMED, I.P-სთვის ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ მონაწილეობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაში.
პორტუგალია
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
(პრეფერენციალურად)
ან შემდეგ საკონტაქტო მისამართზე:
მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი
Parque da Saude de Lisboa, A. Brasil 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიცინის ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ.ფოსტა: [email protected]
5. ციპროფლოქსაცინი GP-ის შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C-ზე.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ „EXP“-ის შემდეგ. მოქმედების ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატები გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ პრეპარატები რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ღონისძიებები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ციპროფლოქსაცინი GP
- აქტიური ნივთიერება არის ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ, 500 მგ ან 750 მგ ციპროფლოქსაცინის ექვივალენტურ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტებს წარმოადგენს:
ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილამიდი, პოვიდონი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა E5 პრემიუმ ეპ, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171).
ციპროფლოქსაცინი GP-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ციპროფლოქსაცინი GP, 250 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი:
მოთეთრო, მრგვალი, ბიკონვექსული გარსიანი ტაბლეტები, ნაჭდევით ცალ მხარეს.
ციპროფლოქსაცინი GP, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი:
მოთეთრო, წაგრძელებული, ბიკონვექსული გარსიანი ტაბლეტები, ნაჭდევით ორივე მხარეს.
ციპროფლოქსაცინი GP, 750 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი:
მოთეთრო, წაგრძელებული, ბიკონვექსული გარსიანი ტაბლეტები.
ციპროფლოქსაცინი GP, 250 მგ, 500 მგ ან 750 მგ ხელმისაწვდომია პვქ/ალუ ბლისტერზე 1, 8 ან 16 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით შეფუთვაში.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი
GP-Genericos Portugueses, Lda.
რუა ჰენრიკ პაივა კუსეირო # 29
ვენდა ნოვა, 2700-451 ამადორა
პორტუგალია
მწარმოებელი
Medinfar Manufacturing S.A.,
Parque Industrial Armando Martins Tavares,
Rua Outeiro da Armada, n° 5 – Sebal – 3150-194 Condeixa-A-Nova, პორტუგალია
გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს განახლდა 11/2020-ში.
კონსულტაცია / სამედიცინო განათლება
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ისინი არაეფექტურია ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ. თუ ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკები, თქვენ უნდა გამოიყენოთ ისინი ზუსტად თქვენი მიმდინარე დაავადებისთვის. ანტიბიოტიკების მიუხედავად, ზოგიერთი ბაქტერია შეიძლება გადარჩეს ან გაიზარდოს. ამ ფენომენს ეწოდება წინააღმდეგობა: ზოგიერთი ანტიბიოტიკოთერაპია ხდება არაეფექტური.
ანტიბიოტიკების არასწორად გამოყენება ზრდის წინააღმდეგობას. თქვენ შესაძლოა ბაქტერიებს ხელიც შეუწყოთ რომ გახდნენ რეზისტენტული, შესაბამისად, შეყოვნდეს თქვენი განკურნება ან შემცირდეს ანტიბიოტიკების ეფექტურობა, თუ არ დაიცავთ შესაბამის მოთხოვნებს:
• დოზა
• გრაფიკი
• მკურნალობის ხანგრძლივობა
შესაბამისად, ამ პრეპარატის ეფექტურობის შესანარჩუნებლად:
1. გამოყენეთ ანტიბიოტიკები მხოლოდ დანიშნულებით
2. მკაცრად დაიცავით რეცეპტის პირობები
3. არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი განმეორებით სამედიცინო დანიშნულების გარეშე, მაშინაც კი, თუ გსურთ მსგავსი დაავადების მკურნალობა
4. არასოდეს გადასცეთ ანტიბიოტიკი სხვა პირს; შესაძლოა ეს არ იყოს შესაფერისი მათი დაავადებისთვის.
5. მკურნალობის დასრულების შემდეგ, ყველა გამოუყენებელი პრეპარატი დააბრუნეთ აფთიაქში მათი სწორად უტილიზაციის მიზნით.
რეგისტრაცია
მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.
რეგისტრაციის თარიღი: 13.02.2023
ანალოგები · Ciprofloxacin 500 მგ
დალაგებულია: იაფიდან| დასახელება | მწარმოებელი | შეფუთვა | ფასი-დან |
|---|---|---|---|
| ციპროფლოქსაცინი ნორმონი იაფი | LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი | №14 | 7.24 ₾ |
| ციფლოსინი | Deva Holding A.S., თურქეთი | №10 | 9.90 ₾ |
| ციპრინოლი | KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია | №10 | 13.36 ₾ |
| ციპრო-დენკი | allphamed PHARBIL Arzneimittel GmbH, გერმანია | №10 | 13.36 ₾ |
| ქინოციპი | AGIO PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი | №100 | — |
| ციპლოქსი | Laboratorios Atral S.A., პორტუგალია | №16 | — |
| ციპროფლოქსაცინი VIR | INDUSTRIA QUĺMICA Y FARMACÉUTICA VIR, S.A., ესპანეთი | №14 | — |
| ციპროფლოქსაცინი ნორმონი | «Technolog» PJSC, უკრაინა | №10 | — |
| ციპროფლოქსაცინი ნორმონი | BELCO PHARMA, ინდოეთი | №10 | — |
რეესტრის მონაცემები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.
ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.